ქართველმა ნოტარიუსებმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი სანოტარო სერვისები, გამარტივებული მომსახურება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებულ პირთათვის, ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისები, ხმოვანი ვებგვერდი, ადაპტირებული ბიუროები ეტლით მოსარგებლეთათვის - ქართულ სანოტარო სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ ამ რეფორმებს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ. კონფერენციაზე „ნოტარიუსის როლი შშმ პირთა სამართალთან წვდომის საკითხებზე" მომხსენებლებად მხოლოდ საუკეთესო გამოცდილების მქონე ნოტარიატების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ქართული სანოტარო სისტემის ხელმისაწვდომობის შესახებ მოხსენებები მარიკა გოგოლაძემ და თინათინ რურუამ წარადგინეს.
მომხსენებლებმა ევროპის კავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წევრი ქვეყენების ნოტარიუსებს ქართული გამოცდილება გაუზიარეს სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ:
- 2020 წლიდან ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის თხოვნით სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს.
- 2018 წლიდან უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით შესრულებული სანოტარო მოქმედებების დამოწმების სპეციალური წესი მოქმედებს, რომლის თანახმად შშმ პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ არის. შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით და საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას და იცავს სანოტარო მოქმედების კონფიდენციალობას. მოწმეს ცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან ერთვის სანოტარო აქტს.
- ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი -www.notary.ge სრულად არის ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის. ვებგვერდი არის ხმოვანი.
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი შენობა სრულად ადაპტირებული და მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებს.
- ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულია იმ სანოტარო ბიუროების სია, სადაც ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია დაუბრკოლებლად მიიღოს სანოტარო მომსახურება და ამგვარი ბიუროების რაოდენობის გაზრდა მომავალშიც იგეგმება.
ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის [UINL] და ევროპის კავშირის ნოტარიუსთა საბჭოს [CNUE) ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება გაიმართა ევროპული პროექტის - „JUST4ALL" ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებას მხარს უჭერენ ONCE Foundation-ის და Carlos III-ის მადრიდის უნივერსიტეტები. კონფერენციას ესწრებოდნენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი და ევროპის კავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წევრი ქვეყნების ნოტარიუსები.
შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ნოტარიუსთა პალატა სამომავლოდ გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სანოტარო ბიუროს საჭიროების განსაზღვრას, რათა დაიგეგმოს საჭირო ღონისძიებები ბიუროების ადაპტირებისთვის.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560