ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება გაიმართა
30 იანვარს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსებს წლიური ანგარიშით პალატის ახალ ოფისში უმასპინძლა, რომელიც 9 სექტემბერს გაიხსნა.
დავით ფუტკარაძემ იმ სურთულეებზე ისაუბრა, რომელიც ნოტარიუსების წინაშე 2020 წლის მანძილზე იდგა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში , იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით სისტემამ შეძლო ბალანსის მონახვა სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას შორის და მოახერხა, გაეგრძელებინა სერვისების მიწოდება მოქალაქეებისათვის ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა მათი ჯანმრთელობა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ნოტარიუსს ამისათვის.
პანდემიის პირობებში, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი სანოტარო ბიუროები შეიქმნა სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებში. დროებით ბიუროებში ნოტარიუსები, საკუთარი სურვილით, მორიგეობით აწვდიდნენ მოქალაქეებს სანოტარო სერვისებს. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა შეზღუდვების პირობებშიც კი. დროებით სანოტარო ბიუროებში უზრუნველყოფილ იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. დროებით სანოტარო ბიუროებთან ხორციელდებოდა მოქალაქეთა რიგის კონტროლი, სანოტარო სერვისები გაიცემოდა წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. სისტემატურად ხდებოდა მომსახურების სივრცის დამუშავება. მოქალაქეები დაიშვებოდნენ პირბადით და დისტანციის დაცვით.
დღეისათვის კი სანოტარო სერვისები სანოტარო ბიუროებში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით გაიცემა.
დავით ფუტკარაძემ ისაუბრა, აგრეთვე, სანოტარო მედიაციის როლზე მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან მიმდინარეობს და სადაო საკუთრების შემთხვევაში, უფასო სანოტარო მედიაციას ითვალისწინებს. შეთანხმების მისაღწევად მხარეები სასამართლოს ნაცვლად, ნოტარიუსს მიმართავენ და მისი დახმარებით მიდიან კონსენსუსამდე. სერვისი პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოა.
2016 წლის აგვისტოდან დღემდე ჩანიშნულ იქნა 43367 მედიაციის პროცესი, საიდანაც მორიგების აქტით დასრულდა 1978. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში სანოტარო მედიაციის პროცესები არ სრულდება, მხოლოდ 2020 წლის იანვრიდან მარტის შუა რიცხვებამდე განხორციელდა 67 მორიგების აქტი.
დავით ფუტკარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა ელექტრონული სერვისები. მისი თქმით, 2021 წელს გაგრძელდება მუშაობა მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს SKYPE-ს ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში და მომსახურებას უფრო კომფორტულს გახდის. აპლიკაციისათვის გათვალისწინებულია მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა საკუთრების უფლების მაქსიმალურ დაცვას.
დავით ფუტკარაძემ საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა ქართული ნოტარიატის შემდგომი განვითარებისათვის. მისი თქმით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპების განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა საქართველოს ნოტარიატი გახდეს საერთაშორისო კავშირის მთავარი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ამისათვის, 2020 წლის მანძილზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა მუდმივად ითვალისწინებდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას როგორც პანდემიის წინააღმდე მიმართული ღონისძიებების, ისე სხვა, პროფესიულ სფეროებთან დაკავშირებული მიმართულებებით.
საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ, დისციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა ნოტარიუსებს გასული 2020 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიშები წარუდგინეს. ნოტარიუსთა საერთო კრებაზე დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560