იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა რამდენიმე თვეში ე.წ. სამთო ქიმიის ძველ ინფრასტრუქტურას დატოვებს და ახალ ოფისში გადავა. დღეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნოტარიუსთა პალატის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. თეა წულუკიანთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები.

ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №60-ში მდებარეობს. მისი რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე აქ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო განთავსებული. შენობა არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თუმცა, ე.წ. გერმანელების უბნის ინტერიერის ნაწილია და აშენებულია XX საუკუნის პირველ ათწლეულში, უფრო ძველი ნაგებობის ადგილას. საბჭოთა პერიოდში მან არაერთი რეკონსტრუქციას გამოიარა, დღესკი, ე.წ. აგურის სტილის არქიტექტურის ნიმუშია.

იმისათვის, რომ რეკონსტრუქციის პროცესში არ დარღვეულიყო შენობისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი ინტერიერი, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ნოტარიუსთა პალატის დაკვეთით ჩატარდა სრულფასოვანი წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომლის რეკომენდაციები სრულად იქნა გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების ეტაპებზე. სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც თავისი სადა აგურის წყობით ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია.

ახალი ოფისი 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე მოქალაქეების ინტერესებზე, რომლებსაც სხვადასხვა სერვისის მისაღებად ნოტარიუსთა პალატის ოფისში უწევთ მისვლა. პირველ სართულზე ვიზიტორებისათვის საკონსულტაციო ოთახები იქნება, სადაც ისინი კომფორტულ გარემოში შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაციები.

გაცილებით კომფორტული გახდება გარემო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისათვის. ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს სავალდებულო სტაჟირების გავლა უწევთ კანონით დადგენილი წესით. მათ მალე სტაჟირების თეორიული ნაწილის თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში გავლა შეეძლებათ. მათსავე განკარგულებაში იქნება საკონფერენციო დარბაზები და მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ისინი იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან. შენობაში სამუზეუმო სივრცეც მოეწყობა, სადაც ქართული ნოტარიატის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია განთავსდება.

თანამედროვე შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულია სპეციალური ამწე ლიფტი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები მოხვდებიან პირველ სართულზე, შიდა ლიფტით კი, გადაადგილდებიან შენობის სხვადასხვა სართულზე. მცირემხედველთათვის შენობის შესასვლელში მოეწყობა სპეციალური დაქტილური ბილიკები.

ნოტარიუსთა ახალი ადმინისტრაციული ოფისი ფუნქციონირებას 2020 წლის მაისიდან დაიწყებს.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში