მარიკა გოგოლაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის ნოტარიატი, რა სიახლეების შეთავაზება შეუძლია ნოტარიუსს მოქალაქეებისათვის სერვისების სფეროში ტექნიკური პროგრესის შედეგების დანერგვით, - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე. მარიკა გოგოლაძემ ღონისძიების მონაწილეებს ქართული სანოტარო სისტემის ელექტრონული სერვისები გააცნო და ნოტარიატის საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ტექნიკური პროგრესი საშუალებას აძლევს ნოტარიუსს, მოქალაქეებისათვის უფრო სწრაფი და კომფორტული გახადოს მომსახურება და უცხოელ კოლეგებს ქართველი ნოტარიუსების გამოცდილება გაუზიარა. მარიკა გოგოლაძემ დეტალურად ისაუბრა ელექტრონულ მმართველობაზე, დისტანციურ სანოტარო აქტებზე - ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ მინდობილობებზე, განცხადებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მინდობილობის გაცემა დისტანციურად გახდა შესაძლებელი.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემაზეც.
საერთაშორისო კონფერენცია „21-ე საუკუნის ნოტარიატი - მსოფლიო ტენდენციები და ეროვნული გადაწყვეტილებები“ ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, ყაზახეთის, მოლდოვის დელეგაციები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ინოვაციური პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს. კონკრეტულად კი, ეს უკავშირდება მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები გაცილებით გამარტივებულ და უსაფრთხო სანოტარო სერვისს მიიღებენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599