რაიონის ნოტარიუსებთან შეხვედრები გრძელდება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და მისმა მოადგილემ თინათინ დევდარიანმა ზესტაფონის და ხობის ნოტარიუსები მოინახულეს. მარიკა გოგოლაძე და თინათინ დევდარიანი ნოტარიუსების საქმიანობას გაეცნენ და მათი სამუშაო სპეციფიკის შესახებ მოისმინეს.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ პრაქტიკული საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები ნოტარიუსებთან ერთად განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს და იმ საჭიროებებს, რომელთა მოგვარებაშიც მათ პალატის დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშნული და იმ ნოტარიუსების მიმართ იჩენს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში საქმიანობენ.
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599