შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისები მარტივდება
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება. შშმ პირი შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით და საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას და დაიცავს მის კონფიდენციალობას. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირისაგან განსხვავებით, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს მოაწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, თუ შშმ პირის გარდა სანოტარო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობს მოწმე, თარჯიმანი ან სხვა პირი, მათი ხელმოწერა ცალკე სანოტარო მოქმედებად არ განიხილება და საზღაურიც გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება. გამარტივებული სერვისის პრეზენტაცია დღეს, შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გაერო-ს ოფისის ხელმძღვანელი და შვედეთის ელჩი საქართველოში, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები. მიხეილ სარჯველაძემ ლუიზა ვინტონსა და ულრიკ თიდესტრომს პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − მიღწევები გააცნო, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების უფრო ეფექტიანი მიწოდებაა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეები და სპეციალურად შშმ პირების მომსახურებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ელჩები ოპერატორებს გაესაუბრნენ, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლნენ და მომსახურებას უწევენ იმ პირებს, ვისაც ასეთი სერვისი ესაჭიროება. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისათვის იუსტიციის სახლში მოწყობილი პოსტერების გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს ასახავს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599