საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ „კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპებ-ის, სასამართლოს, ადვოკატთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და თარჯიმნები დაესწრნენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2015 წლიდან დაიწყო პროექტი, რომელიც ნოტარიატთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ევროპულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ქართული ნოტარიატის განვითარებასა და კანონმდებლობის დახვეწას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში „კვებეკის სამოქალაქო სამართალი“ მეორე წიგნია, რომელიც ზურაბ ჭეჭელაშვილმა თარგნა. მისივე თარგმანით გამოიცა პირველი წიგნი - ვოლფის სახელმძღვანელო „სანივთო სამართალი“.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ აღნიშნა,„არსებობს ორი ტიპის კოდექსი: გერმანული სამართლებრივი ოჯახის სამოქალაქო კოდექსი და რომანული (ფრანგულ-იტალიური) სამართლის ოჯახის სამოქალაქო კოდექსი. ჩვენს სამართლებრივ სივრცეში, ძირითადად, გერმანული სამართლებრივი ოჯახის სისტემაა ცნობილი. კვებეკის სამოქალაქო კოდექსი არის სწორედ გერმანულისაგან განსხვავებული რომანული სამართლებრივი ოჯახის კოდექსი, თანაც, უახლესი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ცივილისტიკის მიღწევებს. განსხვავებული სისტემის კოდექსი გააფართოებს ჩვენს სამართლებრივ თვალსაწიერს და დაგვანახებს იმ ბევრ ხარვეზს, რაც ჩვენს კერძო სამართალში არსებობს. თვით კოდექსის სტრუქტურა სხვაგვარადაა აგებული: საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი მოთავსებულია კოდექსის დასაწყისში და არა ბოლოში (როგორც საქართველოს და გერმანიის სამოქალაქო კოდექსებში). ამითაც ვლინდება სამართლის განსხვავებული დამოკიდებულება ოჯახისა და მემკვიდრეობისადმი ფასეულობათა სისტემაში.
ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სამართლებრივი ოჯახის სისტემის ცოდნაც. სამართლებრივი განვითარება შეუძლებელია ამის გარეშე. ამიტომაც ვთარგმნეთ კვებეკის კოდექსი“.
სამომავლოდ ნოტარიუსთა პალატა შვეიცარიის კოდექსის თარგმნას გეგმავს.
„კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანი სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში