ნოტარიუსები 12 სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან

დღეიდან ნოტარიუსებიც აქტიურად ჩაერთვებიან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტში და 12 სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან.  აღნიშნული პროექტის განხორციელება სოფელ მანგლისიდან დაიწყო.

საპილოტო პროექტი საქართველო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ნოტარიუსების ჩართვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მიწის რეგისტრაციის პროცესს.

ნოტარიუსები მოსახლეობას რამდენიმე სერვისს სთავაზობენ:

  • დავის მოგვარება მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით;

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის შემთხვევაში მოდავე მხარეები სასამართლოს ნაცვლად მედიატორ ნოტარიუსს მიმართავენ. ნოტარიუსის მომსახურება უფასოა და დავა, მაქსიმუმ, 3 კვირაში გვარდება. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე უკვე 300-ზე მეტ შემთხვევაში დავა მორიგებით დასრულდა.

  • გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება;

ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტის დასადგენად მხარეებს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომელზეც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი.

  • მინდობილობის დამოწმება ონლაინ რეჟიმში (სკაიპის მეშვეობით);
  • მოწმის ჩვენების სანოტარო წესით დამოწმება;

მიწის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში საჭიროა მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება.

  • უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ასლების დამოწმება;

იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი მოსახლეობა უარს განაცხადებს უფლების დამდგენი დოკუმენტაციის დედნის სააგენტოსათვის / კონტრაქტორისათვის ჩაბარებაზე, დოკუმენტაციის ასლებს ნოტარიუსი დაამოწმებს.

  • თარგმანის სანოტარო წესით დამოწმება;

უფლების დამდგენი დოკუმენტების გარკვეული ნაწილი მომზადებულია უცხო ენაზე. ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც არ არის მომზადებული სახელმწიფო ენაზე, საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს. 

  •  სამემკვიდრეო დოკუმენტაციის მოწესრიგება;

როცა მიწის რეგისტრაციისას პირს არ გააჩნია სამკვიდრო დოკუმენტები, ან გაშვებულია სამკვიდროს გახსნის ვადა,  ნოტარიუსი მას აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.  

მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო,  მზისგული, შუახევი - ამ სოფლების მცხოვრებნი, პილოტური პროექტის ფარგლებში,  ზემოთ აღნიშნულ სანოტარო სერვისებს ადგილზე მიიღებენ. ნოტარიუსები მოსახლეობას კვირაში ერთხელ მოემსახურებიან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში