ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში მეტად დაცული ხდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ბანკების წარმომადგებს შორის მორიგი შეხვედრაც შეთანხმებით დასრულდა. ბანკები მზად არიან, ნოტარიუსებისთვის გაიხსნას ნომინალური მფლობელობის ანგარიშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშის დაყადაღების შემთხვევაში, მოქალაქის მიერ დეპოზიტზე შენახულ თანხას ყადაღა ან ინკასო არ შეეხება. ეს კი მოქალაქეთა ქონების დაცვის დამატებითი გარანტიაა.

ბანკების მიერ შეთავაზებული პირობები ნოტარიუსებს აღნიშნული სერვისის მეტად გააქტიურების საშალებას აძლევს. უახლოეს მომავალში უკვე საქართველოში მოქმედ ყველა ნოატრიუსს ექნება სადეპოზიტო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს ფულისა და ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ განთავსება შეეძლება.

მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული სანოტარო სერვისით დაინტერესება გაიზარდა. 2015 წელს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშით 140-მა მოქალაქემ ისარგებლა, 2016 წელს - 170-მა, ხოლო წლეულს - 114-მა მოქალაქემ.

როდის ვისარგებლოთ აღნიშნული სერვისით?

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა  გაფორმებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, მოვიდა თანხის დაბრუნების დრო, მაგრამ მსესხებელი გამსესხებელს ვერ პოულობს, ან გამსესხებელი იმალება, არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმა ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს შეუძლია, ნასესხები თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს და ჯარიმა აღარ დაეკისრება.

ასევე, არის შემთხვევები, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას,  მყიდველსა და გამყიდველს შორის წარმოიშობა დავა - მყიდველს არ სურს თანხის გადახდა ქონების უფლების რეგისტრაციამდე, ხოლო გამყიდველიც თანხის მიღებამდე თავს იკავებს ქონების რეგისტრაციისგან. ასეთ დროს მყიდველს შეუძლია, თანხა  ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეინახოს და მშვიდად დაელოდოს ნაყიდი ქონების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, არც გამყიდველს შეექმნება იმისი საფრთხე, რომ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს.

რა უნდა ვიცოდეთ ფულისა და ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანისას?

ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემას აქვს იგივე იურიდიული შედეგები, რაც სასამართლოსთვის გადაცემას.

ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც გადარიცხვით, ისე ნაღდი ფულით.

ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების შემდეგ ნოტარიუსი ადგენს ოქმს, სადაც მითითებულია ქონების დასახელება და ოდენობა. ასევე, მოვალის გაცხადებული მიზეზები, თუ რატომ არ შეასრულა მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.

ოქმის შედგენის შემდგომ ნოტარიუსი ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და გადასცემს მას დეპოზიტში მიღებულ საგანს.

თუ კრედიტორი უარს განაცხადებს ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების მიღებაზე, უარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში.

ნოტარიუსი კრედიტორის უარის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოსთხოვს დეპოზიტში შენატანის დაბრუნებას. დაბრუნების ვადა არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს, სადეპოზიტო თანხებს ნოტარიუსი  სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხავს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში