ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარედ მარიკა გოგოლაძე აირჩიეს

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატას მეორედ მიეცა თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ  „ნოტარიატის შესახებ“ კანონი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და ნოტარიუსთა საერთო კრებისათვის მისი წარდგენის ერთპიროვნულ უფლებას იუსტიციის მინისტრს აძლევს, ისევე, როგორც 2014 წელს, თეა წულუკიანმა უარი თქვა კანდიდატურის ერთპიროვნულად დასახელებაზე და შესაძლებლობა მისცა ნოტარიუსებს, გამგეობის თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩიათ. ელექტრონული პრაიმერისის შედეგად პალატის თავმჯდომარის პოსტზე ნოტარიუსებმა მარიკა გოგოლაძის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. სწორედ ის წარუდგინა კრებას დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრმა. 

საკუთარი  კანდიდატურის წამოყენება ყველა ნოტარიუსს შეეძლო, ვინც უწყების განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. თავმჯდომარეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან  საუკეთესო ნოტარიუსებმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გამოავლინეს, რომელიც  სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“  სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისათვის შეიმუშავა. 

საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრებიც აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილის პოსტი თინათინ დევდარიანმა დაიკავა, გამგეობის 5 წევრიდან დღეს მხოლოდ ორი − გიორგი ჭიტაშვილი და მანანა გოგაშვილი − აირჩიეს, ვაკანტურად დარჩენილ სამ ადგილზე 2 კვირაში განმეორებითი არჩევნები გაიმართება.

თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნების გარდა, ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის  მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმის ფარგლებში კიდევ არაერთი ცვლილება გატარდა, კერძოდ:

  • ამოქმედდა დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა − სანოტარო მედიაცია;
  • შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა; დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“;
  • განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი, დაიწყო სარეკლამო კამპანია „მე ვენდობი ნოტარიუსს“;
  • დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად;
  • ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა;
  • სანოტარო მომსახურების გასაუმჯობესებლად სანოტარო ბიუროებში მოქალაქეთა მომსახურების მონიტორინგისთვის „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა დაიწყო;
დაიხვეწა და გამკაცრდა სანოტარო საქმიანობისას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში