2016 წელი-რეფორმები ნოტარიატში
2016 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად ნოტარიუსები 16 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ. ქარელი, ქედა, წყალტუბო, ამბროლაური, სართიჭალა, ლენტეხი, წალკა, ბორჯომი, დედოფლისწყარო, მესტია, ცაგერი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, თიანეთი, ონი, ბაკურიანი - ამ დასახლებებში სანოტარო ბიუროები წლების განმავლობაში არ მოქმედებდა ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო. მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. მაგალითად, სართიჭალასა და ბაკურიანს 2016 წლამდე ნოტარიუსი არასოდეს ჰყოლია, მესტიაში სანოტარო ბიურო 2006 წლიდან აღარ მოქმედებდა, ცაგერში - 2008 წლიდან...
ნოტარიუსები დასახლებებში საკუთარ ხალხს სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან, რის შემდეგაც მათ უკვე შეეძლებათ, საქმიანობა მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გააგრძელონ.
ამის სანაცვლოდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2017 წლიდან ნოტარიუსები უნდა დაინიშნონ შემდეგ დასახლებებში:
თერჯოლა, ვანი, ადიგენი, ასპინძა, სოფელი კაჭრეთი - ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი;
მარტვილი, ლანჩხუთი, ჭიათურა, კასპი, დუშეთი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი
სიღნაღი - ამ მუნიციპალიტეტებში სანოტარო სერვისები სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსობის კანდიდატთა შესარჩევად გასულ წელს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირების კონკურსი ჩატარდა.
სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში
2016 წლიდან სანოტარო მომსახურების მიღება კიდევ 4 საზოგადოებრივ ცენტრში გახდა შესაძლებელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისები 2015 წლიდან დაინერგა. ნოტარიუსები მოსახლეობას უკვე ცხრა საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), კაბალა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გეგუთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) იორმუღანლო (საგარეჯოს რაიონი) - ეს ის სოფლებია, სადაც საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა სანოტარო სერვისებით სარგებლობს.
საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ.
უახლოეს მომავალში სანოტარო სერვისები დანარჩენ საზოგადოებრივ ცენტრებშიც დაინერგება.
კამპანია „სამართლებრივი რჩევები ნოტარიუსისგან“
2016 წელს დაწყებულმა კამპანიამ „სამართლებრივი რჩევები ნოტარიუსისგან“ მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა. კამპანიის მიზანი იყო როგორც სანოტარო სერვისების ცნობადობის გაზრდა, ისე მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. ეს კარგად ჩანს, თუნდაც ნოტარიუსთა პალატაში შემოსული ზარების, განცხადებების, კითხვების მიხედვითაც. მაგალითად, მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...
თბილისის მოსახლეობა აქტიურად სარგებლობდა კამპანის ფარგლებში დაწყებული აქციით. ყოველ შაბათს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ნოტარიუსები მოქალაქეებს ნოტარიუსთა პალატის ოფისში სამართლებრივ კონსულტაცებს უფასოდ უწევდნენ.
სარეკლამო კამპანიის შედეგად კი მნიშვნელოვნად იმატა სანოტარო სერვისებზე მოთხოვნამ. მოქალაქეებს ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობის, მემკვიდრეთა ვალდებულებების... შესახებ. გასული წლის განმავლობაში 239 სამისდღეშიო ხელშეკრულება, 35 689 იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება გაფორმდა.
სანოტარო მედიაცია - დავის მოგვარების მარტივი გზა
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2016 წლის პირველი აგვისტოდან სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია გამარტივდა და დავის მოგვარება მედიატორ ნოტარიუსთან გახდა შესაძლებელი. სანოტარო მედიაციის დახმარებით, მოქალაქეთა შორის ქონებრივი დავა 80 შემთხვევაში დასრულდა მორიგებით. კანონის ფარგლებში, სანოტარო მედიაცია უფასოა.
მედიტორი ნოტარიუსები მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს მოდავეებს, რომ დავა მარტივად და სწრაფად გადაეწყვიტათ. ეძებდნენ ორივე მხარისთვის სასურველი გამოსავალს, თანაბრად იცავდნენ მოდავეთა ინტერესებს. შედეად, დავა არა მხოლოდ მორიგებით, ხშირად შერიგებითაც სრულდებოდა.
ნოტარიუსს მედიტორის ფუნქცია 2013 წლიდან მიენიჭა. სამოქალაქო (სამეზობლო, საოჯაცო, სამემკვიდრეო...) დავების მოგვარება ნოტარიუსთანაც გახდა შესაძლებელი.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა - ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის აქტიური წევრი
2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურად წევრად გამოაცხადეს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებს. გასულ წელს საქართველოს ნოტარიატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა. 2017 წლის მაისში საქართველოში იგეგმება, ასევე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ჩატარება.
2016 წელს დაიწყო პროექტი, რომელიც ნოტარიატთან დაკავშირებული ლიტერატურის (ძირითადად, ევროპული) ქართულ ენაზე თარგმნას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე მანფრედ ვოლფის სახელმძღვანელო „სანივთო სამართალი“ ითარგმნა. პროექტის მიზანია ევროპულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ქართველი ნოტარიუსებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599