მედიტორი ნოტარიუსის როლი მიწის რეგისტარციის პროცედურების გამარტივებისას

ნოტარიუსებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის ფარგლებში ნოტარიუსის, როგორც მედიატორის, როლი გააცნეს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სემინარს ყველა ნოტარიუსი ეტაპობრივად გაივლის.  

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, 2016 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. აღნიშული კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების  გამარტივებასა და მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. მისი მომზადების აუცილებლობა  მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

კანონი ითვალისწინებს საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი შემუშავებას, პროექტში  ჩართული ამზომველები სერტიფიცირებას; ასევე, მარტივდება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიება. შესაბამისად, მოქალაქეთათვის ქონების უფლების რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება.

ამ პეროცესში აქტიურად არიან  ჩართულნი ნოტარიუსებიც.  ქონების რეგისტრაციისას საკუთრებაზე წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად სახელმწიფო მოსახლეობას სანოტარო მედიაციას სთავაზობს. აღნიშნული სანოტარო სერვისი უფასო იქნება და  მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს დავების მოგვარების პროცესს.

სანოტარო მედიაცია სამოქალაქო (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო....) დავების მოგვარების გამარტივებული ფორმაა.

სანოტარო მედიაციის უპირატესობა

დავა გვარდება სწრაფად და მარტივად - მოდავე მხარეებს  აღარ უწევთ  სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან, ზოგავენ დროს;

მედიაცია არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი - ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად ყველა მხარე საკუთარი ნებით მიდის, არავინ აიძულებს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დაჯდომას;

მედიაციის დროს ნებისმიერი მხარე თანასწორუფლებიანია - მედიატორი-ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური მრჩეველი, ნებისმიერი მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და  შეთანხმების მიღწევაში ეხმარება;

კონფიდენციალობა - ნოტარიუსს არ აქვს უფლება,  გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი;

მედიაციის დასრულებით  კონფლიქტი სრულდება - სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა;

დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და სანოტარო წესით ამოწმებს. აღიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია მოდავე მხარეების მოვალეობები. ხოლო თუკი მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელსაც გასცემს, რისთვისაც, ასევე, აღარ არის საჭირო  სასამართლოსთვის მიმართვა. 

აღნიშნული კანონის ფარგლებში, სანოტარო მედიაციის გარდა, მოქალაქეთათვის უფასოა ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმებაც.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში