ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები ბათუმის უნივერსიტეტის მაგისტრანტებსაც გააცნეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობებს აცნობს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ხათუნა კალანდარიშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
მაგისტრანტები დაინტერესდნენ გამოცდის პირობებით და რამდენიმე მათგანმა უნოტარიუსოდ დარჩენილ დასახლებებში ნოტარიუსად დანიშვნის სურვილიც გამოთქვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. მას საშუალება ექნება, სამი წლის განმავლობაში ემსახუროს საკუთარ ხალხს რეგიონში, რის შემდეგაც საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება.
ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსური დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება.
ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა.
ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიული განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599