საქართველოს ნოტარიუსთა პალატა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას პასუხობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები არ არის სამართლებრივად არგუმენტირებული. იგი წარმოადგენს კონკრეტული პირების სუბიექტურ შეხედულებებს ნოტარიატში დაგეგმილი და ჩვენთვის სასურველი რეფორმის თაობაზე.

იმის დასტურად, რომ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  არგუმენტაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, განვმარტავთ:

- ნოტარიუსთა პალატას კანონმდებლობით ისედაც აკისრია ნოტარიუსთათვის დახმარების ვალდებულება და ამ დრომდე მართლაც სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ნოტარიუსებს,  განსაკუთრებით კი მათ, ვინც რაიონებში მოქმედებს. ეს დახმარება ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით განისაზღვრება და მას ინსტიტუციონალიზება აკლია. შემოთავაზებული რეფორმა კი კონკრეტულად განსაზღვრავს დახმარების სახეებს, სფეროებს და ადგენს ვალდებულებას, რომ პალატამ სამინისტროსთან შეთანხმებით ჩამოაყალიბოს და ოფიციალურად გაწეროს კრიტერიუმები თუ ვის, სად და რატომ დაეხმაროს. პალატას ამ გზით ექნება კონკრეტული ვალდებულება, თუ რა სახისა და რაოდენობით უნდა დაეხმაროს რაიონებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს. ამგვარი მიდგომა პალატის ყოველწლიური ბიუჯეტის უკეთესად დაგეგმისა და მისი განჭვრეტადობისთვისაც საჭირო რამაა.

- საქართველოს იუსტიციის მინისტრს ამჟამად ისედაც აქვს კანონით ნოტარიუსთა მაქსიმალური ოდენობის გასაზღვრის უფლებამოსილება, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს ამ ოდენობის ქვეყნის მასტაბით გადანაწილების პრინციპს. ამან გამოიწვია ქალაქის ტიპის დასახლებებში ნოტარიუსთა რაოდენობის სიჭარბე, ხოლო რიგი დასახლებები, წლებია, უნოტარიუსოდ არის დარჩენილი. დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან უმრავლესობა დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ახორციელებს სანოტარო მოქმედებას -  თბილისში - 146 ნოტარიუსი, ბათუმში -12, ქუთაისში - 11 და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტისა და სოფლების მცხოვრებთ.

ამდენად, მოქმედი კანონი სანოტარო სერვისებზე  მოქალაქეთა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შემოთავაზებული რეფორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრს შეეძლება ნოტარიუსთა ოდენობის არა ბრმად და მექანიკური ციფრის დასახელებით, არამედ იმგვარად რეგულირება, რომ სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც მოსახლეობას ეს სჭირდება და ასევე იყოს ყველა ნოტარიუსი დაცული არაჯანსაღი კონკურენციისაგან.

ამასთან, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალმთიან და ქალაქისგან დაშორებული დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.

და ბოლოს, ამგვარი რეფორმა საშუალებას მისცემდა ამჟამად მოქმედ ნოტარიუსებს, თავიანთი  დრო მთლიანად დაუთმონ იმ დასახლებას, სადაც აქვთ სანოტარო ბიურო განთავსებული. ალბათ უცნობი არ უნდა იყოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“-თვის, რომ ნოტარიუსებს უწევთ კვირაში ერთხელ მაინც მორიგეობა სხვადასხვა სოფელსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ნოტარიუსი არ არის, მაგრამ სანოტარო მომსახურებაზე არის მოსახლეობის მოთხოვნა (სართიჭალა, ფოკა, ჯვარი, ყვარელწყალი, მეჯვრისხევი, მუხაესტატე).

-  რაც შეეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოყვანილ მითითებას საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერზე, აღსანიშნავია, რომ სასამართლოში განხილული საქმე ეხებოდა “ნოტარიატის შესახებ“ კანონიდან კონკრეტულ ნორმას, რომელიც იმპერატიულად ზღუდავდა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნას.

აღნიშნული შეზღუდვის მსგავსად, კანონი იცნობს, სხვა არაერთ დამაბრკოლებელ გარემოებას. ასეთი ტიპის შეზღუდვები მიღებულია არა მხოლოდ ნოტარიატის შემთხვევაში, არამედ სხვა დარგში თანადებობის დაკავების პრეტენდენტთა მიმართაც. რეფორმით შემოთავაზებული ნორმა არ არის არაკონსტიტუციურად ცნობილი არც შინაარსობრივად და არც რეგულირებული სფეროს მხრივ. 

- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ასევე  საუბრობს ნოტარიუსთა რაიონებში სავალდებულო დანიშვნის წესის ეკონომიკურად გაუმართლებლობაზე. არგუმენტად კი უთითებს კანონის იმავე ნორმას, რომელიც, სწორედაც რომ საპირისპიროს განსაზღვრავს და აყალიბებს სანოტარო საქმიანობის მთავარ პრინციპს - სანოტარო საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო. შესაბამისად, რეფორმის ავტორებმა ორიენტირება მოახდინეს მოქალაქეთა საჭიროებაზე და არა - კონკრეტული ნოტარიუსის ფინანსურ სარგებელზე.  გარდა ამისა, კანონით,  ნოტარიატს სწორედ მოქალაქეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებლის როლი აქვს მინიჭებული, იგი არ არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მოგების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

-  რაც შეეხება ნოტარიატში პოტენციური კადრების მოტივაციის საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც საკუთარ რაიონებში დასაქმების საშუალება მიეცემათ, ეცოდინებათ, რომ თავიდან მწირი შემოსავლები გარანტირებულად დაბალანსდება შესაბამისი ფინანსური დახმარების გზით და რომ უკვე პროფესიულად კარგად მომზადებულები შეძლებენ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საქმიანობის გაგრძელებას სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. ამდენად, გამოთქმული ვარაუდი, რომ ნოტარიატში კადრების დეფიციტია მოსალოდნელი, ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო, რომ დღეს არც ერთი დიდი დასახლება ნოტარიუსთა დეფიციტს არ განიცდის, პირიქით, ნოტარიუსთა ოდენობით ამგვარ დასახლებებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონეა. იმ დასახლებებში კი, სადაც სანოტარო საქმიანობის ხელმისაწვდომის გაზრდაა დაგეგმილი მოცემული რეფორმის შედეგად, საქართველო მართლაც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა.

საქართველოს ნოტარიატის ამ ცუდი მაჩვენებლის გამოსწორებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება ის რეფორმა, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება და იმედი გვაქვს, მალე შევა ძალაში.  

დაბოლოს,  თუკი გადავხედავთ ევროპულ კანონმდებლობას, ვნახავთ, რომ ნოტარიუსთა დანიშვნის წესი, რომელსაც რეფორმა ითვალისწინებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, ესპანეთი...) მოქმედებს და უფრო მეტად შემზღუდავ წესებს ითვალისწინებს ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის.

როგორც ლათინური ნოტარიატის წევრებმა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ვიცით და ვემხრობით იმ პრინციპს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ნოტარიუსებად მხოლოდ საუკეთესო, თავდადებული და გამოცდილი იურისტები უნდა მუშაობდნენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში