რეფორმა ნოტარიატში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ნოტარიუსთა პალატის წევრებს შეხვდა და ნოტარიატის განვითარების კონცეფციასა და რეფორმაზე ესაუბრა. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართა.
მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებული ინიციატივაზე, რაც საქართველოს ნებისმიერი ქალაქისა და რაიონის მოსახლეობისათვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ნოტარიუსთა პალატის წევრებმა მინისტრს ნოტარიატის განვითარების პერსპექტივების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ნოტარიუსთა რეფორმის ძირითადი პრინციპები განიხილეს. „გვინდა, სანამ პარლამენტის წინაშე წარვსდგებით, ჯერ ნოტარიუსებთან მოხდეს პრინციპებზე შეჯერება. უნდა ვიცოდეთ, როგორ ავაწყოთ ლათინური ტიპის ნოტარიატი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს. მოქალაქეებს, თუნდაც შორეულ რაიონში, არ უნდა უწევდეთ საათობით მგზავრობა იმისთვის, რომ სანოტარო მომსახურება მიიღონ. სანოტარო სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 
ერთად ვმსჯელობთ, როგორ ავიცილოთ თავიდან დარღვევები იმისათვის, რომ ნოტარიუსთან მისული მოქალაქე დაზღვეული იყოს, არ გახდეს რაიმე ტიპის შეცდომის მსხვერპლი. ასევე, ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ნოტარიატის სახე და წარვსდგეთ მოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე ახალი სახით, ახალი ლოგოთი, ახალი ფერებით და ახალი ბრენდირებით. სანოტარო ბიურო, შორიდანაც კი, ყველასათვის მიმზიდველი და შესამჩნევი უნდა იყოს,“- განაცხადა მინისტრმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატის ახალი ლოგოს პრეზენტაციაც გაიმართა. 
იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, შეიცვალა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგო. ძველი ლოგო, რომელზეც პერგამენტი და ბუმბული იყო გამოსახული, ვეღარ პასუხობდა საქართველოს ნოტარიატის თანამედროვე გამოწვევებსა და მიღწევებს. 
ნოტარიუსთა პალატის განვითარების სტრატეგია მიმართულია იქითკენ, რომ სანოტარო მომსახურება კიდევ უფრო გამარტივდეს, დაიხვეწოს, ხარისხიანი და კომფორტულად მისაღები იყოს მომხმარებლისთვის. აღნიშნული მიზნის უკეთ მიღწევაში ნოტარიუსთა პალატას გარეგნული მხარის, იმიჯის შეცვლაც დაეხმარება. 
ახალ ლოგოზე წრიულად გამოსახული კალმისთავები ასოცირდება ბეჭდის ფორმასთან, რაც სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის მთავარი უპირატესობის - უდავოობისა და შეუცვლელობის სიმბოლოს წარმოადგენს. ლოგოს ბორდოს ფერი მის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში