ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში მოქალაქეთა ქონების უსაფრთხოების დასაცავად
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ფულისა და ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების პრაქტიკაში უკეთ დანერგვის მიზნით, ნოტარიუსებისთვის სემინარი ჩატარდა.
მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ სასამართლოს, ბანკების წარმომადგენლები და ექსპერტები. შეხვედრაზე, თეორიულ საკითხებთან ერთად, განიხილეს სასამარლოსა და საბანკო სისტემაში, ასევე, სანოტარო მომსახურებაში დეპონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პროცედურული საკითხები.
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლებელია ფულისა და ფასიანი ქაღალდების შენახვა. აღნიშნული სერვისი მოქალაქეთა ქონების უსაფრთხოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნოტარიუსის ანგარიშს ყადაღა დაედო, მოქალაქის მიერ შეტანილ თანხას ყადაღა არ ემუქრება.
წლეულს აღნიშნული სერვისით მხოლოდ 62-მა მოქალაქემ ისარგებლა. სანოტარო სისტემაში ფულისა და ფასიანი ქაღლადების დეპონირების უკეთ დანერგვა და მოქალაქეთა ინფრომირება, მათი ქონების უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული სანოტარო სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია გარიგების გაფორმების დროს.
მაგალითად, არის შემთხვევები, როცა გაფორმებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, მოვიდა თანხის დაბრუნების დრო, მაგრამ მსესხებელი გამსესხებელს ვერ პოულობს, ან გამსესხებელი იმალება, არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმა ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს შეუძლია, ნასესხები თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს და ჯარიმა აღარ დაეკისრება.
ასევე, არის შემთხვევები, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მყიდველსა და გამყიდველს შორის წარმოიშობა დავა - მყიდველს არ სურს თანხის გადახდა ქონების უფლების რეგისტრაციამდე, ხოლო გამყიდველიც თანხის მიღებამდე თავს იკავებს ქონების რეგისტრაციისგან. ასეთ დროს მყიდველს შეუძლია, თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეინახოს და მშვიდად დაელოდოს ნაყიდი ქონების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, არც გამყიდველს შეექმნება იმისი საფრთხე, რომ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599