საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობა
2014 წელს ნოტარიატში განხორციელებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების შედეგად:
გამარტივდა სანოტარო მომსახურება, ნოტარიუსისგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღება, ხელმისაწვდომი გახდა სანოტარო სერვისები რაიონებისა და სოფლების მოსახლეობისთვის.
განცხადებისა და ქონების უფლების განცხადების რეგისტრაცია ნოტარიუსთან
2014 წლიდან განცხადებისა და ქონების უფლების რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი ახორციელებს.
შედეგად: მოქალაქე სანოტარო ბიუროში იღებს როგორც სანოტარო, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებას და იხდის მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურს.
მაგალითად, სანოტარო ბიუროში მისულ მოქალაქეს ნოტარიუსთან ხელშეკრულების (იპოთეკის, ნასყიდობის, სესხის...) გაფორმების შემდეგ ხელშეკრულების დასარეგისტრირებლად აღარ უწევს საჯარო რეესტრში წასვლა, ნოტარიუსი თვითონვე უზრუნველყოფს მოქალაქის განცხადების საჯარო რეეტრში რეგისტრაციას.
ნოტარიუსს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალალეურად, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციაზე განაცხადის მიღებაც შეუძლია.
შესაბამისად, ნოტარიუსი, კოოპერატივის წესდების სანოტარო წესითაც დამოწმებასთან ერთად, კოოპერატივის რეგისტრაციასაც უზრუნველყოფს.
ხელმისაწვდომი სანოტარო მომსახურება
2012 წლის ნოემბრამდე საქართველოს 14 რაიონის მოსახლეობა ნოტარიუსის გარეშე იყო დარჩენილი. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ რაიონებში უწევდა წასვლა. ეს კი დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, დაიწყო კამპანია „გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი“.
შედეგად, აღნიშნული 14 რაიონიდან 2014 წლამდე ნოტარიუსები შვიდ რაიონში დაინიშნენ, 2014 წელს - სამ რაიონში (ახმეტა, ვანი და ასპინძა).
დამატებითი სანოტარო ბიუროები ამოქმედდა იმ ქალაქებსა და რაიონებშიც, სადაც ნოტარიუსთა რაოდენობა საკმარისი არ იყო. მაგალითად, 2014 წლამდე დუშეთის, კასპის რაიონებსა და ფოთში მხოლოდ ერთი სანოტარო ბიურო მოქმედებდა, გარდაბნის რაიონში - ორი.
უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის სანოტარო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან
2014 წლის თებერვლიდან ამოქმედდა ნოტარიუსთა საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ, დარეკოთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 14-დან 15 საათამდე, ნომერზე: 2 000 778 და მიიღებთ თქვენთვის საჭირო რჩევებს კომპეტენტური, პროფესიონალი იურისტებისგან უფასოდ.
კონსულტაციას დღეში 50-მდე მოქალაქე იღებს.
მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ელექტრონულ ბაზებს კიდევ ერთი - ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი შეემატა;
ამ მონაცემებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იყენებს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. საქართველოში ჩამოსული უცხოელები ადგილობრივ ნოტარიუსებს ხშირად მიმართავენ სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებსაც უკვე აქვთ საშუალება, ტერორისტების ერთიანი ელექტრონული ბაზით ისარგებლონ და კლიენტის მონაცემები გადაამოწმონ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
მედიატორი ნოტარიუსების რაოდენობა გაიზარდა
2014 წლიდან მედიატორის ფუნქცია კიდევ 72 ნოტარიუსს მიენიჭა. მათ სანოტარო მედიაციაში სემინარები პოლონელმა და ქართელმა ექსპერტებმა ჩაუტარეს.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით. აღნიშნული სერვისი საქართველოში 2013 წლიდან დაინერგა.
ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებანი.
მოდავე მხარეები, ნოტარიუსის დახმარებით, დავის მოგვარებას მარტივად, იაფად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.
მედიატორი ნოტარიუსების რეესტრი განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი გამგეობა
2014 წლის 17 მაისს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე გამგეობის ახალი თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს.
“ნოტარიატის შესახებ” კანონის თანახმად, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა და საერთო კრებისათვის მისი ასარჩევად წარდგენა იუსტიციის მინისტრის ერთპიროვნული უფლებამოსილებაა. თუმცა, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის კანდიდატურა ნოტარიუსთა წინასწარი გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით შეირჩა. ნოტარიუსთა უმრავლესობამ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ხოფერიას კინდიდატურას დაუჭირა მხარი.
ნინო ხოფერია ნოტარიუსთა პალატას 2005-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში ნოტარიატში ძირეული რეფორმები განხორციელდა.
კრებაზე გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ მარიკა გოგოლაძე, ხოლო წევრებად ნარგიზა ჯანხოთელი, ხათუნა კალანდარიშვილი, თინათინ დევდარიანი, ნინო თოფურია და მეგი მაღალდაძე აირჩიეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსები დააჯილდოვა
ნოტარიუსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ ნოტარიუსებს, ვისაც სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებაში წვლილი მიუძღვით.
ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები დაესწრნენ. ნოტარიუსთა პალატის ბრენდირებული საჩუქრები ღონისძიების ყველა სტუმარმა მიიღო.
ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობამ შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს ნოტარიატის მიღწევები, სანოტარო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით გატარებული რეფორმები გააცნო.
ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლში ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ და სიკვდილით დასაჯეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციისამებრ, ნოტარიუსთა პალატამ საქველმოქმედო აქციაც გამართა. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ საჩუქრები - სამომხმარებლო ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცა.
სასწავლო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა
სავალდებულო სემინარები ნოტარიუსებისთვის
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე სავალდებულო სემინარები უტარდებათ.
გასულ წელს სემინარები ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე:
ნოტარიუსის მიერ აღსრულების ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული დეტალები;
სამემკვიდრეო სამართალი;
სამეწარმეო სამართალი.
დაიწყო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის კომენტარების შემუშავება.
სემინარები მომავალი კონსულებისთვის
სანოტარო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე სემინაები ჩაუტარდათ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს, მომავალ კონსულებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ესპანური სამართლის ინსტიტუტთან გააფორმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ქართველი ნოტარიუსების ვიზიტი ესპანეთში. ამასთან, საქართველოში ესპანელი ნოტარიუსებიც ჩამოვლენ და ლექციებს წაიკითხავენ, გაკეთდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები.
საერთაშორისო ურთიერთობა
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
2014 წლის 12-13 სექტემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. საქართველოს მსოფლიოს 15 ქვეყნის ნოტარიატების 60 წარმომადგენელი ეწვია. აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია.
საქართველოს ნოატრიუსთა პალატამ საერთაშორისო კონფერენციას მესამედ უმასპინძლა. თუმცა, 2010-2012 წლებში ჩატარებული კონფერენციები შედარებით მცირემასშტაბური იყო.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წელს გახდა.
საერთაშორისო ვიზიტები
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ნოტარიატების გენერალური სხდომა
ჩატარდა - 2014 წლის 9-12 ოქტომბერს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში;
მონაწილეობდნენ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრი დავით ოყროშიძე.
საერთაშორისო კონფერენცია
ჩატარდა - 2014 წლის 19-20 ოქტომბერს, ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში;
მონაწილეობდნენ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წარმომადგენლები: თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, წევრები: ნარგიზა ჯანხოთელი, თინათინ დევდარიანი.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საკითხთა კომისიის სხდომა
ჩატარდა - 2014 წლის 21-22 ნომებერს, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში;
მონაწილეობდა - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერია.
სხდომაზე საქართველოში 2014 წლის 12-13 სექტემბერს ჩატარებული ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგებიც განიხილეს. აღნიშნული კონფერენცია ბარსელონაში დადებითად შეაფასეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ხელშეწყობისა და ორგანიზებისთვის.
ვიზიტი გერმანიაში
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები და პალატის თანამშრომლების 7-22 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქებში: ბერლინსა და ვიურცბურგში, იმყოფებოდნენ და გერმანიის სანოტარო ინსტიტუტის, ადგილობრივი სასამართლოების დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო და სამეწარმეო რეესტრების, ფედერეალური ნოტარიუსთა პალატისა და სანოტარო ბიუროების სამიქნობას გაეცნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599