ნოტარიუსთა პალატის გამგეობას ახალი თავმჯდომარე ეყოლება
17 მაისს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე გამგეობის ახალ თავმჯდომარესა და წევრებს აირჩევენ.
“ნოტარიატის შესახებ” კანონის თანახმად, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა და საერთო კრებისათვის მისი ასარჩევად წარდგენა იუსტიციის მინისტრის ერთპიროვნული უფლებამოსილებაა. თუმცა, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის კანდიდატურა ნოტარიუსთა წინასწარი გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით შეირჩა, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ნოტარიუსთა პალატის ისტორიაში. როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, „ეს მიდგომა იმ ლოგიკის გაგრძელებაა, რომელიც ნოტარიუსთა მეტ ჩართულობას გულისხმობს საკუთარი ბედის, კარიერისა და კორპუსის განვითარების მართვის საქმეში“.
2014 წლის 11 აპრილს ყვარელში პირველად ჩატარდა მოქმედი ნოტარიუსების გამოკითხვა კორპუსისათვის სასურველი კანდიდატის გამოსაკვეთად, რათა იუსტიციის მინისტრისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება − თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ გამხდარიყო. გამოკითხვა ელექტრონული არჩევნების სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მეშვეობით მოხდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ შეიმუშავა და რომელიც ხმის მიცემის პროცესის ანონიმურობასა და დაცულობას მთლიანად უზრუნველყოფდა. შერჩევის პროცესში მონაწილეობა 136-მა ნოტარიუსმა მიიღო. მათმა უმრავლესობამ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ხოფერიას კინდიდატურას დაუჭირა მხარი.
ნინო ხოფერია ნოტარიუსთა პალატას 2005-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული ბაზა; დაინერგა ელექტრონული საქმისწარმოება, ონლაინ სანოტარო სერვისები, რის შედეგადაც სანოტარო მომსახურება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა; შეიქმნა ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაინერგა ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა; საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გახდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი. 2012 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე ნინო ხოფერია ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ჯვრის ორდენითაც“ დააჯილდოვეს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599