ვანსა და ასპინძას ამიერიდან ნოტარიუსი ეყოლება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები ვანისა და ასპინძის რაიონებშიც დაინიშნენ. ეს ის რაიონებია, სადაც წლების განმავლობაში სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ რაიონებში უწევდა წასვლა. ეს კი დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული.
2012 წლის ნოემბერში საქართველოს 14 რაიონის მოსახლეობა ნოტარიუსის გარეშე იყო დარჩენილი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, დაიწყო კამპანია: „გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი“. რაიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ნოტარიუსობის მსურველ კანდიდატებთან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს აღნიშნული 14 რაიონიდან 10 რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია. ამასთან, ნოტარიუსები დაინიშნენ იმ ქალაქებსა და რაიონებშიც, სადაც ნოტარიუსთა რაოდენობა საკმარისი არ იყო. მაგალითად, ფოთში, დუშეთსა და ყვარელში 2014 წლამდე მხოლოდ ერთი სანოტარო ბიურო მოქმედებდა, ასევე, ლაგოდეხს 2013 წლამდე ერთი ნოტარიუსი ემსახურებოდა.
სანოტარო მომსახურების გარეშე ჯერ კიდევ დარჩენილია შემდეგი რაიონები: ონი, მესტია, ამბროლაური, ადიგენი, ასევე, ქედა, სადაც ნოტარიუსი 2013 წელს მაისში გადადგა. ნოტარიუსობის ყველა იმ კანდიდატს, ვინც სანოტარო საქმიანობის დაწყებას აღნიშნულ რაიონებში გადაწყვეტს, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ასეთი კანდიდატები გამოცდის საფასურისგან გათავისუფლდნენ, მათ ნაცვლად თანხა საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დაფარა. ამასთან, ნოტარიუსთა პალატა რაიონებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო ბიუროს მოწყობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვაშიც ეხმარება.
აქტიური კამპანია კვლავ გრძელდება. უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის სანოტარო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599