SIDA-ს წარმომადგენლები საქართველოში ნოტარიატის საქმიანობას გაეცნენ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა დავით ოყროშიძემ შვედეთის დონორი ორგანიზაციის SIDA-ს საშემფასებლო მისის წევრებს საქართველოში ნოტარიატის საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნოტარიატის ფუნქციონირების ცალკეულ საკითხებს. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნოტარიუსის, როგორც საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირის საქმიანობით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესით.
როგორც დავით ოყროშიძემ აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელია და მათ წვდომა აქვს საჯარო რეესტრის ელექტრონულ პროგრამებზე. ამასთან, 2012 წლიდან ნოტარიუსებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, ქონების უფლების რეგისტრაციის ფუნქციაც დაემატათ.
ორი უწყების თანამშრომლობის შედეგად კი მოქალაქეთათვის მომსახურების მიღება ბევრად უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდა. სანოტარო ბიუროში მისულ მოქალაქეს ბიუროდან გაუსვლელად შეუძლია როგორც სანოტარო, ასევე, არასანოტარო სერვისების მიღება. მაგ.: იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ნოტარიუსი თვითონვე უზრუნველჰყოფს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეებს აღარ უწევთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან იუსტიციის სახლში წასვლა. ამასთან, საჯარო რეესტრის ელექტრონულ პროგრამებზე წვდომა ნოტარიუსებს უადვილებს გარიგებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი სახიათის ინფორმაციის მოძიებასაც. შესაბამისად, მოქალაქე, გარიგების გაფორმებისას, მაქსიმალურად არის დაცული მოსალოდნელი რისკებისგან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599