ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაიწყო
დღეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება. კონკურსში ნოტარიუსობის მსურველი 127 კანდიდატი მონაწილეობს. 16-მა მათგანმა სანოტარო საქმიანობის დაწყების სურვილი უნოტარიუსოდ დარჩენილ რაიონებში გამოთქვა.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად, ტესტირების ფორმით უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ნაწილში.
ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე 253 სანოტარო ბიურო მოქმედებს. თუმცა, უნოტარიუსოდ ჯერ კიდევ შვიდი რაიონია დარჩენილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ყველა რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს სანოტარო მომსახურების მიღება ზედმეტი დროისა და თანხის დახარჯვის გარეშე უნდა შეეძლოს.
გასულ წელს დანიშნული ნოტარიუსების უმრავლესობა სანოტარო მოქმედებას ახორცილებს იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც არ მოქმედებდა სანოტარო ბიურო, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არასაკმარისი იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.
როგორც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, რაიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს ნოტარიუსთა პალატა ეხმარება ბიუროს მოწყობაში, ტექნიკურად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. ასევე, მაქსიმალური ხელშეწყობით ისარგებლეს იმ კანდიდატებმა, ვინც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას ნოტარიუსის გარეშე დარჩენილ რაიონებში გადაწყვიტეს. პირველ ეტაპზე, ისინი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასურის ( 150 ლარი) გადახდისგან გათავისუფლდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, კიდევ 47 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს შანსი, დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599