გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პალატის წარმომადგენლები და ნოტარიუსები უკვე ესტუმრნენ ონის, ამბროლაურის, ასპინძის, ადიგენის, ვანისა და ქედის მცხოვრებლებს და მათ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის 10 თებერვალს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთი აუციელებლი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა რაიონების მოსახლეობას დეტალურად განუმარტეს გამოცდის პირობები, დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები; ამასთან, გააცნეს ადგილობრივი კადრებისთვის გათვალისწინებილი შეღავათები, რათა მათ მიეცეთ სტიმული საკუთარ რაიონში ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ონი, ამბროლაური, ასპინძა, ადიგენი, ქედა, ვანი, მესტია - ეს ის რაიონებია, სადაც სანოტარო ბიურო, რამდენიმე წელია, არ მოქმედებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ყველა რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს სანოტარო მომსახურების მიღება ზედმეტი დროისა და თანხის დახარჯვის გარეშე უნდა შეეძლოს.
გასულ წელს დანიშნული ნოტარიუსების უმრავლესობა სანოტარო მოქმედებას ახორცილებს იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც არ მოქმედებდა სანოტარო ბიურო, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არასაკმარისი იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.
რაიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეხმარება ბიუროს მოწყობაში, ტექნიკურად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. ასევე, მაქსიმალური ხელშეწყობით ისარგებლებენ ის კანდიდატები, ვინც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას ნოტარიუსის გარეშე დარჩენილ რაიონებში გადაწყვეტს. პირველ ეტაპზე, მათ საკვალიფიკაციო გამოცდის საფასურის ( 150 ლარი) გადახდისგან გაათავისუფლებენ.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 248 მოქმედი ნოტარიუსია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, კიდევ 52 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს შანსი, დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა.
შეხვედრის დამსწრეები რაიონებში ადგილობრივი კადრების დასაქმების ინიციატივას მიესალმნენ და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილიც გამოთქვეს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები მომავალ კვირას მესტიის მოსახლეობასაც შეხვდებიან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599