ქუთაისის მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობა გააცნეს

დღეს ქუთაისში, იუსტიციის სახლში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის მნიშვნელობა და უპირატესობა გააცნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მედიაცია 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული სერვისი მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამოქალაქო დავების მოგვარების პროცესს.

ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეებს აღარ მოუწევთ სასამართლოში წასვლა, მივლენ ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან. ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, თანაბრად დაიცავს ყველა მხარის ინტერესებს და მაქსიმალურად შეეცდება არა მხოლოდ დავის მოგვარებას, არამედ, მოდავეთა შერიგებასაც.  ამასთან, მორიგების დასრულების შემდეგ შედგება სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი -  მორიგების აქტი, რომლითაც განისაზღვრება თითოეული მხარის მოვალეობანი.

შესაბამისად, სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების მოგვარების გამარტივებული და იაფი ფორმაა. დღეს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი მედიაციის მეშვეობით წყდება.

ახალი სანოტარო სერვისი 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. ნოტარიუსთა პალატის წრამომადგენლები ქუთაისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოსახლეობასაც შეხვდებიან და სანოტარო მედიაციის მნიშვნელობას გააცნობენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში