იუსტიციის მინისტრმა ახალი სანოტარო სერვისი - სანოტარო მედიაცია წარადგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 25 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ახალი სანოტარო სერვისი - სანოტარო მედიაცია წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ასევე, იმ უწყებების (სასამართლო, შემოსავლების სამსახური, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლები, რომელთაც მედიაციის სერვისი უკვე დანერგილი აქვთ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას ნოტარიუსთა პალატასთან, რათა სანოტარო მედიაცია საქართველოში ეფექტურად ამოქმედდეს. ამასთან, სამინისტრო მიესალმება ნოტარიუსთა პალატის ყოველ ახალ წამოწყებას, ახალ სერვისს, რაც მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას შეუწყობს ხელს. „ჩვენი მიზანია სამეზობლო, საოჯახი, სამემკვიდრეო დავები გადაწყდეს მორიგების გზით. სანოტარო მედიაცია მხარეებს საშუალებას მისცემს, დავები ნაკლები დანახარჯით მოაგვარონ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ სანოტარო მედიაციის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ისაუბრა.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.
ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, შეთანხმებას აღწევენ.
მოდავეევს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან, იხდიან ნაკლებს. ამასთან, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. აღიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი.
მედიაციის პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, მის გარეთ. სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები განახორციელებენ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ნოტარიუსებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს. მედიატორი ნოტარიუსების რეესტრი განთავსებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე: www.notary.ge.
პრეზენტაციის ბოლოს მედიაციის თემაზე გადაღებული სარეკლამო რგოლის ჩვენებაც გაიმართა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599