ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნოტარიუსად დანიშვნის პირობები გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“.  პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამა წლის 18 მაისს  დაინიშნა, ხოლო 29 მაისს ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსი ჩატარდება. გამოცდა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ჩაატარებს, სტაჟირების კონკურსს - ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 237 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 63 იურიდიული განალების მქონე პირს (მათ შორის მაგისტრანტებსაც) აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.

ლექციის დამსწრე სტუდენტთაგან ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების სურვილი ბევრმა გამოთქვა.

აღსანიშნავია, აჭარაში არის ნოტარიუსის გარეშე დარჩენილი რეგიონი -  ქედაში სანოტარო ბიურო აღარ მოქმედებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სანოტარო მომსახურების მისაღებად შორს უწევთ წასვლა, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტს  საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. შესაბამისად, ნოტარიუსების დანიშვნისას აქცენტი კეთდება ისეთ რეგიონებზე, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებს. ნოტარიუსობის მსურველი კანდიდატებისთვის, ვინც სანოტარო საქმიანობას რეგიონებში გადაწყვეტს, გარკვეული შეღავათები დაწესდება და ნოტარიუსად დანიშვნის შემთხვევაშიც, ნოტარიუსთა პალატა მათ სანოტარო ბიუროს აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში