ნოტარიუსთა პალატის უნარშეზღუდული თანამშრომელი 150–მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი  პალატის საქმიანობაში აქტიურად ჩაება. 18 წლის სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, ნოტარიუსთა პალატამ  ამა წლის პირველი ოქტომბრიდან დაასაქმა. მან უკვე 150–მდე მოქალაქეს გაუწია კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაცია.  ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სალომე  მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ  სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტი“ იუსტიციის სამინისტროში 2008 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს. სალომე ნოტარიუსთა პალატაში დასაქმებული პირველი უნარშეზღუდულია. ნოტარიუსთა პალატა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას მომავალშიც გეგმავს.