საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

კონფერენციაზე - "უდავო წარმოების საქმეებში ნოტარიუსისა და ადვოკატის როლების შედარებითი ანალიზი" - იმსჯელეს ნოტარიუსის განსაკუთრებულ როლზე პრევენციულ მართლმსაჯულებასა და სამოქალაქო და საერთო სამართლის სისტემებში; განიხილეს სამემკვიდრეო საქმისწარმოებისა და უძრავი ქონების ტრანზაქციების საკითხები.
ღონისძიებაზე ქართულ დელეგაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი ხელმძღვანელობდა, მის შემადგენლობაში იყვნენ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრი დავით იმნაძე.
პუერტო-რიკოში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ნოტარიატების დელეგაციები და სამართლის დარგის პროფესორები.
ქართველი ნოტარიუსების აქტიური ჩართულობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მნიშვნელოვანია ქართული ნოტარიატის საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოჩენისა და ევროპული ქვეყნების სანოტარო სისტემების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.