სტაჟიორები სწავლების პრაქტიკულ კურსს სანოტარო ბიუროებში გადიან

ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების 5-თვიანი თეორიული კურსი დასრულდა. ფინალური გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.  75%-იანი ბარიერი 51 სტაჟიორიდან 45-მა  წარმატებით გადალახა.
 
თეორიული კურსის გავლისას მომავალმა ნოტარიუსებმა შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, პრაქტიკულ სწავლებას კი ისინი მომდევნო 5 თვის განმავლობაში სანოტარო ბიუროებსა და იმ ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში გაივლიან, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ნოტარიატთან. კანდიდატები თეორიულ ცოდნას უშუალოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლენენ, უკეთ გაეცნობიან ნოტარიუსების საქმიანობის სპეციფიკას და საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
 
სტაჟირების სრული კურსი ათთვიანია და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე მის პრაქტიკულ ნაწილსაც.
 
სტაჟირების სრული კურსის გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.