ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიუსთა კონფერენციაზე იმსჯელეს

,,სანოტარო მომსახურების დიგიტალიზაცია - მიმდინარე პრაქტიკა და სამომავლო ხედვები ევროპისთვის“ -ზალცბურგში გამართულ 33-ე კონფერენციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის სოციალური უსაფრთხოების კომისიის წევრი, ნოტარიუსი დავით იმნაძე დაესწრნენ.
 
კონფერენციის ფარგლებში ლათინური ნოტარიატის წევრმა ქვეყნებმა ონლაინ სანოტარო მოქმედებების და ზოგადად, სანოტარო მომსახურების გაციფრულების უპირატესობებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით რიგ ქვეყნებში უკვე არსებულ პრაქტიკას გაეცნენ.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდანაა. ქართველი ნოტარიუსები ჩართულნი არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის წევრ ქვეყნებს შორის სანოტარო სფეროში არსებული პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა, სანოტარო აკადემიის პრეზიდენტმა,  აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტების პროფესორებმა.