ტრენინგი მედიატორი-ნოტარიუსებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მიერ ტარდება ოთხდღიანი სწავლება თემაზე: მედიაცია ნოტარიუსებისთვის. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
2012 წლის სექტემბრიდან ნოტარიუსებს ახალი - მედიატორის ფუნქცია დაემატებათ. მედიატორი არის ნეიტრალური პირი, რომელიც მოდავე მხარეებს ეხმარება, ურთიერთთანხმობით იპოვონ კონფლიქტიდან გამოსავალი. სამემკვიდრეო, სამეზობლო, საოჯახო.... დავების შემთხვევაში მოდავე მხარეებს შეეძლებათ, სასამართლოს ნაცვლად ნოტარიუსს მიმართონ და პრობლემა უფრო მარტივად და სწრაფად მოაგვარონ.
ამასთან, მედიატორ-ნოტარიუსთან მისული მოდავე მხაარები, მორიგების შემთხვევაში, მიიღებენ სანოტარო წესით დამოწმებულ მორიგების აქტს; ხოლო ამ აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას,  ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელსაც, რომლითაც დაზარალებული მხარე, სასამართლოს ჩარევის გარეშე, პირდაპირ აღმასრულებელს მიმართავს.
აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში  მედიაცია, მათ შორის სანოტარო მედიაცია, დიდი ხნის წინათ დაინერგა. მთელს მსოფლიოში დავების 75 პროცენტი მედიაციის შედეგად წყდება. მაგალითად, გერმანიაში დავების მხოლოდ 10 პროცენტი მიდის სასამართლომდე. 
როგორც ნოატრიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, საქართველო ნოტარიუსთა პალატა უზრუნველყოფს მედიატორი-ნოტარიუსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას, რათა ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციის შესრულების დროსაც იყოს თავისი კლიენტის მიუკერძოებელი მრჩეველი.