სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დამატებით კიდევ ორ მისამართზე შეძლებენ
27 აპრილიდან, ორშაბათიდან, სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დამატებით კიდევ ორ ადგილას - ილია ვეკუას ქუჩა N14 (გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი) და ირაკლი აბაშიძის ქუჩა N68 -ში მდებარე “საკანონმდელო მაცნეს” ოფისში მოწყობილ დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ.
ნოტარიუსები მოქალაქეებს მოემსახურებიან გაზრდილი სამუშაო საათებით - ყოველ სამუშაო დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დილის 8 საათიდან 17.00 საათამდე, რაც გაზრდის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომას იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სანოტარო მომსახურების მიღება ესაჭიროებათ.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.
თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები.
თავდაპირველად, მოქალაქეებს ნოტარიუსთან მისვლა ორ მისამართზე შეეძლოთ: საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1) და თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე ქორწინების სახლში (სანაპიროს ქუჩა №2.) ეტაპობრივად კი, მოხდა დროებითი სანოტარო ბიუროების დამატება და დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 14 დროებითი სანოტარო ბიურო შემდეგ მისამართებზე:
1.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელი);
2.თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 (თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი);
3. თბილისი, უზნაძის ქ. №2 (ქორწინების სახლი);
4.თბილისი, წერეთლის გამზირი N8 (დანაშაულის პრევენციის ცენტრი)
5.თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა N14 (გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი)
6.თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N68 (საკანონმდებლო მაცნეს ოფისი)
- გორი, დ. გურამიშვილის ქუჩა N5 (იუსტიციის სახლი)
- რუსთავი, მეგობრობის გამზირი N29 (იუსტიციის სახლი - ქორწინების სახლი)
- ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70;
- ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №20 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის შენობა);
- ზუგდიდი, თეატრის ქ. №2 (ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი).
- თელავი, ერეკლე მეორეს ქუჩა N3 (იუსტიციის სახლი)
- ოზურგეთი, პეტრიწის ქუჩა 9 (იუსტიციის სახლი)
- ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა N93 (იუსტიციის სახლი)
დროებითი სანოტარო ბიუროებისათვის შერჩეულ სივრცეებში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას.
საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777). მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღებაც დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.