სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ
სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.
თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში, არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1 აპრილიდან:
თბილისში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. მოქალაქეებს ნოტარიუსთან მისვლა ორ მისამართზე შეეძლებათ: საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N1) და თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე ქორწინების სახლში (სანაპიროს ქუჩა N2), 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ სამუშაო დღეს.
ამ სივრცეებში სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას.
როგორც ცნობილია, სანოტარო ბიუროების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილ ფართებში, რის გამოც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს უწევთ მოსახლეობასთან კონტაქტი. დროებითი სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობა კი სრულად გამორიცხავს ამგვარ შემთხვევით შემხებლობას სხვა მოქალაქეებთან და იცავს ყველა მხარეს არასასურველი სოციალური კონტაქტისაგან.
საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777), მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ, აგრეთვე ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღება დისტანციურად; ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
სანოტარო მომსახურების სფეროში ამ ახალი შეზღუდვების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. სანოტარო სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, სერვისების მისაღებად მოქალაქეებს, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, უწევდათ სანოტარო ბიუროებში ფიზიკურად მისვლა, რიგ შემთხვევებში კი, სხვა პირებთან ან მოწმეებთან ერთადაც, რასაც, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეეძლო, გამოეწვია სანოტარო ბიუროებში სოციალური დისტანციის დარღვევის საფრთხე და ხელი შეეწყო COVID19-ის გავრცელებისათვის.
მუშაობა უკვე დაწყებულია საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დროებითი სანოტარო ბიუროების მოსაწყობად. სანოტარო მომსახურების მიღებას ამ ქალაქებში მოქალაქეები უახლოეს დღეებში შეძლებენ.
იუსტიციის მინისტრის 31 მარტის ბრძანება დროებითი სანოტარო ბიუროების მოწყობასთან დაკავშირებით იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841539?publication=0&fbclid=IwAR3LGItfWd4P4kauUEmoQgj3l_mV4iDe6aj2OPa6LPDUOa4IVeUYdLHVfP4