ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი წარმომადგენელი ჰყავს
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციონალურ შეხვედრებზე საერთო კრებამ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტი, არგენტინის წარმომადგნელი ქალბატონი ქრისტინა არმელა აირჩია. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქალი პრეზიდენტია კავშირის ისტორიაში. პრეზიდენტის პოსტზე მან ესპანელი კოლეგა ბ-ნი ხოსე მარქუენო დე ლანო შეცვალა.
ინსტიტუციონალურ შეხვედრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი დავით ოყროშიძე დაესწრო.
ნოტარიუსთა კავშირის გენერალურ საბჭოში ახალ წევრად ქართველი ნოტარიუსი მანანა გოგაშვილი იქნა არჩეული. საბჭოს საპატიო წევრის წოდება კი ნოტარიუს დავით ოყროშიძეს მიენიჭა.
გენერალური საბჭო არის ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის (ნსკ) სათათბირო ორგანო პოლიტიკური და მეცნიერული კუთხით, რომლის სხდომებიც იმართება წელიწადში ორჯერ. გენერალური საბჭო შეიმუშავებს ნსკ-ის პოლიტიკას და ამზადებს წინადადებებს ნოტარიატების საერთო კრებაზე წარსადგენად.