ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო, შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა შშმ პირებისათვის, კომფორტული სამუშაო პირობები და თანამედროვე ინტერიერი - ნოტარიუსთა პალატის გამგეობას მალე ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება. მშენებლობის პროცესს დღეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები, ნოტარიუსები და პალატის თანამშრომლები გაეცნენ. მშენებლობა 2020 წელს დამთავრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი ოფისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირების საჭიროებებზე, რაც გაზრდის ნოტარიუსთა პალატის სერვისების ხელმისაწვდომობას შშმ პირებისათვის. მოქალაქეები დაუბრკოლებად შეძლებენ ისეთი მომსახურების მიღებას, როგორიცაა: მათი მონაწილეობით შესრულებული დოკუმენტის დამოწმებული ასლების მიღება, გარდაცვლილი პირის სახელით დამოწმებული ანდერძის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღება, ნოტარიუსთა პალატის არქივიდან დოკუმენტის ინფორმაციის მოძიება, იურდიული კონსულტაციის მიღება.
ნოტარიუსთა პალატის ოფისი ქ. თბილისში, ჯავახიშვილის N60 განთავსდება.