ნოტარიუსთა პალატაში სტაჟიორთა ფინალური გამოცდა ჩატარდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების 5 თვიანი თეორიული კურსი დასრულდა. ნოტარიუსობის მსურველმა კანდიდატებმა თეორიული ნაწილის ფინალური გამოცდა ჩააბარეს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინონ. პრაქტიკას ისინი სანოტარო ბიუროებში გაივლიან და უფრო უკეთ გაეცნობიან ნოტარიუსების საქმიანობის სპეციფიკას.
გამოცდის დაწყებამდე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ სტაჟიორებს წარმატებები უსურვა. ფინალური გამოცდის მიმდინარეობას ესწრებოდნენ ასევე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი და გამგეობის წევრი მეგი მაღალდაძე.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კურსს სულ 56 სტაჟიორი გადის. მათ ნაწილს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვთ. სტაჟირების სრული კურსი რვათვიანია და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე მის პრაქტიკულ ნაწილსაც. თეორიული კურსის გავლის შედეგად მომავალმა ნოტარიუსებმა შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებს. პრაქტიკულ სწავლებას კი ნოტარიუსობის მსურველი კანდიდატები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გაივლიან.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.