ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია მსოფლიო სამართლის კონგრესს დაესწრო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრი დავით ოყროშიძე ესპანეთის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტის საგანგებო მიწვევით მსოფლიო სამართლის კონგრესს დაესწრნენ. მადრიდში გამართული კონგრესის თემა იყო „კანონის უზენაესობა, თავისუფლების გარანტი“. ღონისძიების ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრმა დავით ოყროშიძემ მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში ,,ნოტარიუსის ნდობა, როგორც თავისუფლებისა და სამართლიანობის არეალი.“
კონგრესის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების სანოტარო პრაქტიკა, დეტალურად განიხილეს ნოტარიატის სისტემის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. თემის განხილვას თან ახლდა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ესპანეთის ნოტარიატის ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სისტემა. მადრიდში გამართულ მსოფლიო სამართლის კონგრესს ნოტარიუსების გარდა ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამაც ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მისცათ, არა მარტო ვიწრო პროფესიულ ჭრილში, არამედ, ფართო სამართლებრივი თვალსაზრისით განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები. მსოფლიო სამართლის კონგრესს სამიტში საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, უნგრეთის, ლიეტუვას, მონტენეგროს, რუმინეთისა და უკრაინის დელეგაციები დაესწრნენ.