იუსტიციის მინისტრმა წარმატებული მედიატორი ნოტარიუსები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული მედიაციისათვის ორი ნოტარიუსი დააჯილდოვა.  რეფორმების შედეგები საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნეს.

"თუკი ჩვენ 2013 წლიდან 2016 წლამდე სულ 4 მედიაცია გვქონდა წლების მანძილზე, რაც მიწის რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო, 2000-ზე მეტი წარმატებული მედიაცია იყო და ასეულობით მედიაცია, რომლის ბოლოსაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მედიაციის კულტურა მაინც გაჩნდა ჩვენს მოქალაქეებში, იმისთვის, რომ უბრალო გადაფარვის პრობლემისთვის სასამართლოში არ ვედაოთ მეზობელს 5, 6 და 10 წელი. 112 წარმატებული მედიაცია განახორციელა ცისანა ნათენაძემ, ეს გახლავთ ახალციხის ნოტარიუსი, რომელსაც დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ. 1135 სანოტარო მედიაცია, ანუ 1135 დავა, რომელიც სასამართლოში წავიდოდა, რომ არა ჩვენი ნოტარიუსი საჩხერიდან ირინა დევდარიანი, რომელსაც ვაჯილდოვებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული გზაა. ნაცვლად იმისა, რომ მხარეებმა სასამართლოში იდავონ, დახარჯონ მეტი დრო და ფულადი რესურსი, ისინი ნოტარიუსის დახმარებით წყვეტენ წარმოქმნილ პრობლემას. სასამართლო დავისაგან განსხვავებით, მედიაციისას არ არსებობს „დამარცხებული მხარე“, ყველა საკითხი შეთანხმების გზით გვარდება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. პროცესში ნოტარიუსების ჩართულობამ საშუალება მისცა მოქალაქეებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის შემთხვევაში სასამართლოს ნაცვლად მედიატორი ნოტარიუსისათვის მიემართათ. 2019 წლის 5 თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 608 656 განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301,976.1  ჰექტარს შეადგენს.  რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 766 714 ლარი დაზოგეს.  ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1490 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.