ნოტარიუსთა პალატასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების ორგანიზება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური) გაზიარება და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.
ნოტარიუსთა პალატასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება ერთობლივი თემატური სამუშაო შეხვედრები, მოეწყობა კონფერენციები, მოხდება კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ერთობლივი ორგანიზება. სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში ჩაერთვებიან პროფესორები, ტრენერები და ექსპერტები.
მემორანდუმის ხელმოწერას გამგეობის წევრი მეგი მაღალდაძე და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.