პროექტში „აირჩიე შენი პროფესია“ ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ჩაერთო
პროექტში „აირჩიე შენი პროფესია“ ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ჩაერთო
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე „მაცნეს კლუბის“ პროექტში ჩაერთო. მარიკა გოგოლაძე დღეს კლუბის წევრებს - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდა და მათ ნოტარიუსის პროფესიაზე ესაუბრა.
როგორია ნოტარიატის ისტორია, ვინ იყვნენ პირველი ნოტარიუსები და რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი, როგორ იცვლებოდა ეს პროფესია დროისა და ადამიანების მოთხოვნების შესაბამისად, თანამედროვე სანოტარო სამართალი და მისი პრინციპები, ნოტარიატი მსოფლიო გლობალური პროცესების წინაშე - ეს იყო საჯარო ლექციის ძირითადი თემები. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდა იურისტებმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს არაერთი კითხვა დაუსვეს, მასთან ერთად იმსჯელეს პროფესიულ საკითხებზე, საინტერესო თემებსა და კაზუსებზე.
სტუდენტებთან შეხვედრის მიზანი მათთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალში პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება, ნოტარიუსთა პალატას კი საშუალებას მისცემს, უწყებაში ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალები მოიზიდოს.
ახალგაზრდული პროექტები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნოტარიატის სისტემის არაერთი თანამშრომელი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. უწყების წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს სტუდენტებთან. ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული.