უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის რეფორმებს და სერვისებს ეცნობა
უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის რეფორმებს და სერვისებს ეცნობა
განცხადების და თანხმობის ონლაინ რეჟიმში დამოწმება, მინდობილობა სკაიპის მეშვეობით, სანოტარო დოკუმენტების ელექტრონული რეგისტრაცია და ელექტრონული არქივი, სანოტარო მედიაცია - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ამ და სხვა სერვისებს დღეს უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნო. ნოტარიატის სისტემაში განხორციელებული რეფორმები სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა მანანა გოგაშვილმა გააცნო.
სპეციალურად სტუმრებისათვის სანოტარო სერვისების პრეზენტაცია იუსტიციის სახლში გაიმართა, სადაც პრეზენტატორებმა უზბეკ კოლეგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურდიული პირების - იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, სერვისების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს - მომსახურებები გააცნეს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი სტუმრებს სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. დელეგაციის წევრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ელექტრონული სანოტარო მომსახურება აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სანოტარო მოქმედებების ონლაინ რეჟიმში შესრულება.
პრეზენტაციის შემდეგ უზბეკეთის ნოტარიატის წარმომადგენელი ნოტარიუს დავით იმნაძის სანოტარო ბიუროს ესტუმრა, რათა პრაქტიკაში გაცნობოდა სანოტარო მოქმედებების განხორციელების პროცესს და უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო სანოტარო სერვისების გაცემის შესახებ.
უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად იმყოფება. ვიზიტის მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარებაა.