ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა. თუკი აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, იჯარის, ქირავნობის, სესხის, ვალისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, აღნიშნული სიახლე დაზარალებულ მხარეს თავიდან ააცილებს სასამართლო დავასა და დამატებით ხარჯს და საშუალება მისცემს, გარიგების გაფორმებისას უფრო დაცულად იგრძნოს თავი. „ანუ ნოტარიუსთან ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში დავიდანვე ჩადებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას, შემდგომში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს აღარ მოუწევს სასამართლოსთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, პირდაპირ ნოტარიუსისგან მიიღებს,“ - განაცხადა ბაჩანა შენეგლიამ. 
ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა ევროპის ლათინური ნოტარიატის წევრს ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს. საქართვლოში ნოტარიუსის მიერ  სააღსრულებო ფურცელი, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, 2010 წლიდან გაიცემა. აღნიშნული სერვისით მოქალაქეთა დაინტერესებამ განაპირობა საკანონდებლო ცვლილებები, რის საფუძველზეც, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი უკვე ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გაიცემა.
მოქალაქეთა დაინტერესებაზე მზარდი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. 2010 წელს - 429, 2011 წელს - 1 276, 2012 წელს - 534 სააღსრულებო ფურცელი.