საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გამგეობის ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს

კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი  ვადის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრთა შემადგენლობა შეიცვალა. ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა გამგეობის ახალი თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრები აირჩიეს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია გახდა. მას მანამდე იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
იუსტიციის მინსიტრის ბრძანებით,  გაიზარდა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრთა რაოდენობა. აქამდე პალატის გამგეობა, თავმჯდომარის ჩათვლით, 5 წევრისგან შედგებოდა,  ამირიდან ნოტარიუსთა პალატის გამგეობას უხელმძღვანელებს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მიერ არჩეული შვიდი წევრი: ლალი გზირიშვილი, ნინო ხოფერია, ნარგიზა ჯანხოთელი, ხათუნა კალანდარიშვილი, ეკატერინე შენგელია და დავით ოყროშიძე. 
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი გააგრძელებს აღებულ კურსს და ნოტარიატში სიახლეები და ნოვაციები კვლავ აქტიურად დაინერგება.
ნოტარიატის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2009 წლიდან დაიწყო, დაინერგა
არაერთი სიახლე, რაც, უპირველესად, დადებითად აისახა  მოქალაქეთა მომსახურებაზე. სანოტარო სისტემა მთლიანად გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, შეიქმნა არქივის დოკუმენტაციის (სამამეკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების) ელექტრონული ბაზა, მოქალაქეები არაერთ სანოტარო მომსახურებას ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოტარიუსთა ფუნქციური დატვირთვა: ნოტარიუსები გასცემენ სააღსრულებო ფურცელს; კონსულტაციას უწევენ მომხმარებელს ქონების შეძენისას; ახორციელებენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების, კომპანიების რეგისტრაციას, ასევე,  ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას; 2012 წლის სექტემბრიდან კი ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციასაც შეასრულებს. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სანოტარო და არა მხოლოდ სანოტარო მომსახურება მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით, ერთ სივრცეში მიიღოს.