კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ნოტარიატში დანერგილ სიახლეებსა და სერვისებს ეცნობიან

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლების სამთვიან კურსს გაივლიან. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღეს მათ ნოტარიატში დანერგილი სიახლეები, კერძოდ, ელექტრონული სერვისები გააცნო. კავკასიის უნივერსიტეტის 20 წარმატებული სტუდენტი  სანოტარო ბიუროებში სანოტარო საქმიანობას  პრაქტიკაშიც შეისწავლის.
ნოტარიუსთა პალატასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. კავკასიის უნივერსიტეტი მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია, ვისთანაც ნოტარიუსთა პალატამ მემორანდუმი გააფორმა. როგორც ნინო ხოფერიამ განაცხადა, თანამშრომლობა მიზნად ისახავს  სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, რაც  სამომავლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე გაიარეს და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს. სწავლების სამთვიანი კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გადაეცემათ.