გამარტივებული მომსახურება მათთვისაც, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება

სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეები მოქალაქეთა მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებისა და დაჩქარებისკენ არის მიმართული. დღეს უკვე არაერთი სანოტარო მომსახურებისა  მიღება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება. თუმცა, ნოტარიუსთა პალატა მომსახურების მიღებას უმარტივებს იმ მოქალაქეებსაც, ვისთვისაც ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის.
თუკი მოქალაქეს სურს გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუ არა მისი სანოტარო აქტი და არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომერზე: 66 19 18 -  და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელი პალატის ვებგვერდზე,  სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში მოიძიებს მოქალაქისთვის საინტერესო სანოტარო აქტს. სალომე გარუჩავა აღნიშნულ საქმიანობას ნოტარიუსთა პალატაში 2009 წლის პირველი ოქტომბრიდან ახორციელებს. წლეულს მან 600-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება.
იგი პალატამ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების პროექტის ფარგლებში შეარჩია. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს,  ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მოქალაქეებს  საკუთარი სახლიდან ემსახურება.
აღნიშნული სერვისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირსაც აძლევს გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენისა და დასაქმების საშუალებას და მოქალაქეებსაც უმარტივებს მომსახურების მიღებას.