სტუდენტები სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, დღეიდან სანოტარო ბიუროებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სწავლება დაიწყო. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეული იურიდიული ფაკულტეტის 37 სტუდენტი პრაქტიკულ კურსს ორი თვის განმავლობაში გაივლის.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში. აგრეთვე, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გააცნოს მათ  სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დაეხმარება, რაც  სამომავლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც გააფორმა და მსგავს  თანამშრომლობას სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც გეგმავს. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სწავლება სისტემატური გახდება.