წლეულს 165-მა მოქალაქემ სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით მიიღო

2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების მიერ 165 სააღსრულებო ფურცელი გაიცა, გასული წლის განმავლობაში - 429 საღსრულებო ფურცელი.
2010 წლის პირველი აპრილიდან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული წესით იღებს. ანუ ნოტარიუსთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას გარიგების მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას თუ ჩადებენ,  გარიგებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებულ მოქალაქეს სააღსრულებო ფურცლის მიღება პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, შეუძლია. აღნიშნული სერვისით მოქალაქეთა დაინტერესებაზე ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვა წარმოადგენს. ეს კი მომსახურების ხელმისაწვდომობას, გამარტივებული ფორმით მიწოდებას და, ამასთან, ხარისხის ამაღლებას გულისხმობს.