ნოტარიუსთა პალატამ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც, ნოტარიუსთა პალატისთვის  ხელმისაწვდომი გახდა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა სრული ბაზა ონლაინ რეჟიმში.
2009 წლიდან ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე  ჰქონდათ წვდომა, ამირიდან  კი აღნიშნული ბაზით შეუზღუდავად ისარგებლებენ.
ნოტარიუსებს სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისთვის სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზით სარგებლობა აქტიურად უწევთ. მაგალითად,  ონლაინ რეჟიმში თანხმობის, განცხადების, მინდობილობა/რწმუნებულების დასამოწმებლად ნოტარიუსი განმცხადებლის პირადობის დადგენას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ახდენს. 
სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურონ, შესაბამისად, მომხმარებელს სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის მისაღებად რამდენიმე უწყებაში სიარული აღარ უწევს და სანოტარო მომსახურებას გამარტივებული წესით იღებს.