ნოტარიუსებისთვის სასტუმრო „ანაკლიაში“ სემინარი ჩატარდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასტუმრო „ანაკლიაში“ ნოტარიუსებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრა 18-19 ოქტომბერს ჩატარებული სემინარის გაგრძელება იყო და ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ასევე, მიმდინარე საკითხებს შეეხებოდა. სემინარს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს  წინა სემინარზე დასმულ პრობლემატურ საკითხებზე, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებზე. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე, აღმასრულებლებისთვის. როგორც ნოტარიუსებმა აღნიშნეს, მსგავსი სემინარები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სანოტარო მომსახურებაში დანერგილი სიახლეების პრაქტიკაში აქტიურად ამოქმედებას.
2010 წლის პირველი აპრილიდან „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული წესით იღებს. ანუ,  ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქალაქეს შეუძლია,  ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობის ჩადება მოითხოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, იღებს.