ნოტარიუსთა პალატამ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  მოაწყო ნოტარიუსთა  პროფესიული დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება, რომელსაც  იუსტიციის სამინისტროს  საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ კოლეგებს  პროფესიული დღე მიულოცა და პრიზები გადასცა. 5 ნომინაციაზე ნოტარიუსები სიმბოლური  ქანდაკებებით დააჯილდოვეს, 12 ნომინაციაზე კი გადაეცათ სიგელები, რომელზეც ნოტარიუსთა კარიკატურები იყო გამოსახული.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ნოტარიუსთა პალატამ, ტრადიციისამებრ, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. 
ნოტარიუსთა პროფესიული დღე, 7 ნოემბერი, ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების, მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთზე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ რა ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს  და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მაშინ ისინი სიკვდილით დასაჯეს.
ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება.