ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას 33 სტაჟიორი გააგრძელებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს, სწავლების თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირება ჩაუტარდათ. 39 სტაჟიორიდან 33-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ისინი უკვე სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება 8-თვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა თუ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის მიერ მომზადებული სტაჟიორებიდან 50 უკვე დაინიშნა ნოტარიუსად და წარმატებით ახორციელებს სანოტარო საქმიანობას.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა თანაშემწეობის მსურველებსაც მსგავსი პრინციპით ამზადებს. თანაშემწეთა სასწავლო კურსზე გადიან თეორიულ სწავლებას (სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას), ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ კურსს სანოტარო ბიუროებში. ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა მონაცემები თავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერედზე, ნოტარიუსის თანაშემწეთა ელექტრონულ რეესტრში. შემდეგომ ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს. სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთაგან 14 დასაქმდა სანოტარო ბიუროში.
აღნიშნულის გარდა, სასწავლო ცენტრის ფუნქციაში ნოტარიუსების და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაც შედის.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთანაც. მისი ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა 6 უმაღლეს სასწავლებელთან. აღნიშნული სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან სანოტარო ბიუროებში, მათ უტარდებათ სემინარები სანოტარო კანონმდებლობაში, სისტემატურად აცნობენ საქართველოს ნოტარიატში გატარებულ რეფორმებს, დანერგილ სიახლეებს.